Georgian lesbian and gay stories

Posts tagged ‘სიყვარული’

მე და თეკლა

თეკლას ფეხები ფანჯრის რაფაზე აქვს შემოწყობილი და მსუბუქად ირწევა სკამზე. ამ რწევის გადამკიდე მოკლე საზაფხულო ქვედაბოლოში შემოსილი ბარძაყები ერთბაშად მოშიშვლებია, თუმცა ოთახში ჩვენ ორს გარდა არავინაა და თეკლაც კაბის გასწორებით თავს არ იწუხებს. მის გრძელ  ფეხებს რომ ვუყურებ საშო სითბოთი მევსება, მინდა შევეხო, ტერფიდან დავიწყო და მისი სხეულის ყველაზე რბილ და თბილ ნაწილამდე მივიდე. ეს არასოდეს  გამიკეთებია, მაგრამ წარმომიდგენია რა და როგორ უნდა გავაკეთო, წარმომიდგენია, როგორ ხარბად ამოვივსებ მისი დიდი მკერდით პირს.

ამის ნაცვლად ვუახლოვდები და თმაზე ვკოცნი. ასე ხშირად ვიქცევი და თეკლასაც ”დაქალურში” გაჰყავს –  აზრადაც ვერ ივლებს, რომ შეიძლება ისეთი თვალით ვუყურებდე, როგორითაც კალათბურთელი ნიკუშა უყურებს. არა, ისეთი თვალით ისედაც არ ვუყურებ – ნიკუშას მზერაში პორნო საიტებზე ძრომიალით შთაგონებული ერთადერთი სურვილი (ან მისი უამრავი ვარიაცია) იკითხება ხოლმე, მე კიდევ..  თეკლასთან სექსი როგორ არ მინდა, მაგრამ არც მის სისხლს ვითხოვ და არც მისი საშოს ”მოჭერა” მაინტერესებს… მოჭერა… გეგონება ჭანჭიკები ჰქონდეს სადღაც…  მხოლოდ ის მამშვიდებს ჯერჯერობით, რომ ნიკას ღერძუკას ირგვლივ მოტრიალე სურვილებს თეკლა სტოიკურად იგერიებს. მეტისმეტად პრაგმატულია და მოთმინების უნარიც ისეთი აქვს, რომ ბუდისტები მიმიქარავს. იცის, რომ თუ კიდევ ცოტას მოითმენს კალათბურთელ ნიკუშას (რომელიც ნიჭიერი ბიჭია და დიდი მომავალი ეპრანჭება) ცოლად გაყვება.

ჰო, თეკლა ისეთი გოგოა, რომელიც აუცილებლად გათხოვდება, სიგარეტის მოწევას თავს დაანებებს და 35-40 წლის ასაკში ისევ დაიწყებს, ოღონდ მყრალი (სამაგიეროდ იაფი) უინსტონიდან, რომელსაც ახლა ღია ფანჯარაში აბოლებს, ესსეზე ან ტრუსარდიზე გადავა – გააჩნია ნიკას რამხელა ჰონორარი ექნება იმ ელიტურ საკალათბურთო გუნდში, რომელშიც მისი ნიჭისა და ოჯახის პატრონი აუცილებლად ამოყოფს თავს.

საერთოდ მე და თეკლა ძალიან განვსხვავდებით. ჩვენი დამეგობრებაც რაღაც უცნაური და ჩემთვის მოულოდნელი იყო. მას მერე, რაც მეხუთე კლასში ჩვენთან გადმოსულ თეკლას პირველივე დღეს ლევანიკო იდიოტმა კაბა გაუხია მე კი ბოროტმოქმედი ტალახიან გუბეში ჩავაგდე, თეკლას გვერდიდან აღარ მოვუშორებივარ. ეტყობა მაშინვე დაწვა, რომ რაღაც მიზეზის გამო ძაღლივით მისი ერთგული ვიქნებოდი და მართალიც იყო – როგორც კი დავინახე თავისი გრძელი წაბლისფერი თმითა და უშველებელი წამწამების საფარქვეშ მოქცეული თაფლისფერი თვალებით ისე შემიყვარდა, ისე, რომ მადა დავკარგე. რა ვთქვა აბა, ზღაპრებში აღწერილმა მზეთუნახავებმა დამღუპეს. ასე შევრჩით ერთმანეთს.

თეკლას ჩვენი მომავალი ძალიან ნათელ ფერებში ესახება.  მეოცნებე გამომეტყველებით მიყვება ხოლმე, როგორ ვისხდებით ასე ოც წელიწადში ვაკის რომელიმე კაფეში, გათხოვილები და ლამაზები და როგორ ვიჭორავებთ შვილებზე, ქმრებსა და (რატომაც არა) საყვარლებზე. მე ვუსმენ და ზუსტად ვიცი, რომ სულ სხვანაირი მომავალი მექნება. ვუსმენ და გონებაში საკუთარ, განსხვავებულ სცენარს ვწერ – გათხოვდება თეკლა,  მე  საზღვარგარეთ წავალ (გულნატკენი რა თქმა უნდა) და იქიდან რამდენიმე წლის მერე ჩამოვალ წარმატებული და სერიოზული. თეკლას მოვინახულებ და აღმოვაჩენ, რომ ნიკუშა დიდი ახვარი ვინმეა და თავის ლამაზ ცოლს ხშირად ამკობს სისხლჩაქცევებით. ჩემში ისევ გაიღვიძებს ის სიყვარული, რომელსაც პრინციპში მეხუთე კლასის მერე არც არასოდეს დაუძინია, და თეკლას ჩემთან წავიყვან. ნიკუშასი არ მეშინია.. გააჯვას და იმის იქით იაროს.. ჩემი სიკეთითა და გამბედაობით გულაჩუყებულ თეკლას (რომელიც ლამაზი გოგოდან ულამაზეს ქალად იქცა) უცებ შევუყვარდები და ჭირი იქა, ლხინი აქა.. სადისტურ-ეგოისტური ოცნებებია, მაგრამ რა ვქნა აბა..

–         რომელ კლასში ხარ, შეჩემა?! – ასე წყდება ხოლმე ჩემი ოცნებები.

–          რა გინდა?

–         მერამდენედ გითხარი ფრჩხილებს ნუ იჭამ მეთქი.

–         ა, სორი..

თეკლასთვის, ბუნებრივია, არასოდეს ამიხსნია, რომ მასზე ოცნებისას განსაკუთრებული ინტენსივობით ვიჭამ ხოლმე ფრჩხილებს, ამიტომ მორჩილად ვიწყობ ხოლმე ხელებს ჯიბეებში და ლაპარაკი სხვა თემაზე გადამაქვს. ისე კი, რახან სიტყვას მოყვა, მე და თეკლა მეთერთმეტე კლასში ვართ. მე იმედი მაქვს, რომ იქ სადღაც, იმ ფანჯრის მიღმა, რომელშიც ახლა ორივე ვიხედებით, დიდი ცხოვრება მელოდება, რომ ადამიანები მიმიღებენ ისეთად, როგორიც ვარ, რომ აღარ დამტანჯავს კოშმარები, სადაც ჯოჯოხეთურ ცეცხლში დედაჩემის წყევლა და მამაჩემის გინება მიმყვება… და… ამის აღიარება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ ამ დიდ ცხოვრებაში თეკლას ადგილი არ იქნება იმიტომ, რომ მას არასოდეს ვეყვარები მე კიდევ ამის გამო თავს ნამდვილად არ დავისამარებ…მე ბევრი სხვა მეყვარება, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, და ყველას სხვადასხვა გემო ექნება.. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

Advertisements