Georgian lesbian and gay stories

Archive for სექტემბერი, 2011

“პატარა” რეზო

დათო მარტო დარჩა. სკამის საზურგეს მიეყრდნო და მშვიდად მოუკიდა სიგარეტს. ახლა შეეძლო ეფიქრა. კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ორი წლის წინანდელი ამბავი. „სვეცკი“ მეზობელი აღარ ეჯდა ცხვირწინ.

ყავის დასალევად შემოსული დალი, როგორც წესი, დღესაც საათნახევარი იჯდა მის სამზარეულოში. საუბრობდნენ ხოლმე ბევრ რამეზე. ხშირად არც საუბრობდნენ, უბრალოდ ისხდნენ და ფანჯარაში უყურებდნენ მოპირდაპირე კორპუსის აივნებზე რა ხდებოდა. დალი მომაბეზრებელი ქალია. მაგრამ რა დროს დალია…

ორი წელი გავიდა რაც დათომ უნივერსიტეტი დაამთავრა. იმ ზაფხულს რამდენიმე ჯგუფელთან ერთად რაჭაში წავიდა.

რაჭაში, როგორც წესი, სიგრილე იყო და ცოტა ხალხი. მას შემდეგ რაც მამა დაეღუპა, დედა კი საბერძნეთში წავიდა აქ აღარავინ ამოდიოდა. დათოსაც სძულდა აქაურობა. აქაურ ხალხს ვერ იტანდა. ვერ იტანდა, როდესაც აიძულებდნენ დაელია ბევრი ღვინო და ეტკეპნა სადღეგრძელოები. ქალები კი ყოველ შეხვედრაზე ეკითხებოდნენ თუ როდის ექნებოდა ქორწილი. ამაზე მხოლოდ ეღიმებოდა. რა იცოდნენ რაჭველმა დედაკაცებმა, რომ მის ქორწილში პატარძალი გათვალისწინებული არ იყო. მხოლოდ ორი სიძე.

თან ახლა თბილისში, როგორც იქნა, მარტო ცხოვრობდა და თავის შეყვარებულთან, ნიკასთან შეეძლო თავისუფლად ჰქონოდა სექსი. სანამ დედამისი ათენელი მოხუცების ჩასაბანად წავიდოდა ბიჭები მხოლოდ სუფთა ჰაერზე იკმაყოფილებდნენ ერთმანეთის სურვილს. ახლა კი არაფერი აბრკოლებდათ მთელი დღე ლოგინში ეგორავათ და არ შეშინებოდათ, რომ სექსის დროს მოზასავე წყვილი წამოადგებოდათ თავზე. რა თქმა უნდა, თუ დალი არ შეაჭრიდა ყავის მადუღარათი ხელში.  თუმცა დალი შტერიც იყო, ამიტომ თავს ყოველთვის იძვრენდნენ.

რაჭაში ჯგუფელებთან ერთად ჩავიდა – სამი გოგო და სამი ბიჭი. ნიკა ერთ კვირაში ჩავიდოდა. თუმცა ძალიანაც არ უნდოდა ნიკა მის ჯგუფელებთან გვერდით ჰყოლოდა. საშიშია. ხუთი მძვინვარე ჰომოფობის მოგერიებას მეხუმრები? ნიკა კი თითქმის არ (ვერ) მალავდა რომ 1)მამაკაცები მოსწონდა; 2)დათო უყვარდა.

დათო კი ჯერჯერობით „კაცად“ ითვლებოდა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ცოტა „რაღაცნაირი“ იყო. არ დადიოდა „პოსეიდონში“ თანთალა ბოზებთან, სწორფეხება გოგოს დანახვისას კი ყმუილს არ იწყებდა. მაინცდამაინც არც სწავლაზე გიჟდებოდა, მაგრამ ეზოშიც არ აბირჟავებდა. სულ სადღაც მიდიოდა. მეგობრებმაც გადაწყვიტეს, რომ დათო უბრალოდ „რაღაცნაირი“ იყო და გული დაიმშვიდეს.

რაჭაში ჩასვლიდან მეორე დღეს, მეზობელმა ქეთინო დეიდამ და რეზო ბიძიამ გადაწყვიტეს სტუმრებისთვის პატივი ეცათ. სუფრაზე მოიპატიჟეს „თბილისელი ახალგაზრდები“ და თავიანთ ბიჭს პატარა რეზოს (თუმცა რაღა პატარას 25 წლის იყო) თამადის საპატიო წოდება ერგო.

„პატარა“ რეზო დიდი იყო ტანად. სქელი ტუჩები, თეთრი სახის კანი, სქელი წარბები, ოდნავ მოშვებული მუცელი  და სოფლის საქმეების კეთებით დაკუნთული ხელები ჰქონდა. მამამისის დასანახად ბევრს სვამდა და თბილისელ ბიჭებსაც აძალებდა. არც ისინი აკლებდნენ. დათოსაც სხვა გზა რა ჰქონდა.

დათო და რეზო გვერდიგვერდ ისხდნენ. რამდენჯერმე დათომ შემთხვევით დაიჭირა „პატარა“ რეზოს მზერა, მის „პატარა“ დათოზე რომ გაშტერებულიყო. არ შეიმჩნია. იფიქრა ნასვამი ვარ და მეჩვენება, ახლა ორმაგად ფრთხილად უნდა ვიყო, არაფერი მივქარო ამ სოფლელთანო. საშინლად დამღლელია როდესაც რამეს მალავ, მაგრამ ორმაგად უფრო დამღლელია ორიენტაციის მალვა სიმთვრალისას, თანაც მეგობრებთან, რომლებსაც წესით და რიგით არაფერს უნდა უმალავდე.

როგორც იქნა, ღამის ორ საათზე ნამუსი ეყოთ და სუფრიდან წამოდგნენ. თუმცა ალკოჰოლი ეცოტავათ. გიორგიმ, დათოს ჯგუფელმა, რეზოს ანიშნა ჩვენ ვაქვს არყები ჩამოტანილი და წამოდი ჩვენთანო.

დათო ზომაზე მეტად დათვრა. სახლში დაბრუნებულებმა სახელდახელო სუფრა გაშალეს, სადაც მხოლოდ არყის ბოთლი და პლასტმასის ჭიქები იდგა.

დათო იქვე ტახტზე წამოწვა, თან ბიჭებს დაუბრა, გოგოები უკანა ოთახში დააწვინეთ, თქვენ კი ზალაში რომ ტახტია, იმაზე მოთავსდითო. მალევე ჩაეძინა.

გვერდით ვიღაცის მოწოლამ გააღვიძა. ჯერ კიდევ ღამე იყო. ბიჭები დაწოლილიყვნენ. გოგოებს კი უკვე დიდი ხანია ეძინათ. „პატარა“ რეზო სიმთვრალით ფეხზე ვეღარ იდგა, ამიტომ იქვე დათოს მიუწვინეს. სახლადმე რა გადაათრევდა ამხელა მუტრუკს.

გაღვიძებულმა დათომ იგრძნო რეზოს ხელი როგორ ეხებოდა ბარძაყებზე. თავიდან შეეშინდა, ალბათ მეჩვენება და ისევ მთვრალი ვარო. მაგრამ როდესაც იგრძნო, როგორ შეხსნა ღილები რეზომ შარვალზე, შიშზე სადღაც გაქრა. უფრო მომავალი სიამოვნების მოლოდინით კანკალებდა. თავადაც აამოძრავა ხელები და რეზოს უკვე გახსნილ შარვალში ხელი შეუყო.  იგრძნო როგორ ფეთქავდა „პატარა“ რეზოს „პატარა“ რეზო“. თავადაც იგრძნო სისხლის მოწოლა ფეხებშორის.

-ვიცი რომ „პიდარასტი“ ხარ – ამოიჩურჩულა რეზომ.

-არც შენ აკლებ, როგორც ჩანს. საიდან გაიგე?

-დაგავიწყდა მდინარეზე ერთმანეთს რომ ვუნძრევდით ბავშვობაში?

დათოს მართლა აღარ ახსოვდა, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა. რაც მთავარია ახლა სიამოვნებდა ის, რასაც სოფლელი მუტრუკი უკეთებდა.

რეზომ შარვალი ბოლომდე გააძრო და მისი მუცლისაკენ დაიწყო ჩაცოცება. სიამოვნების ტალღები უვლიდა მუცელში  ორივეს. დათომ იგრძნო როგორ მოედო მის პენისს რეზოს ენა და სიამოვნებას ბოლომდე მინებდა, თუმცა ხმას არ იღებდა, გვერდით ოთახში რომ არ გაეგონათ.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა დათო. ნატეხებად აღუდგა მახსოვრობა და განცდილმა სიამოვნებამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა. რეზოს გულიანად ეძინა. როგორც ჩანს მის ჯგუფელებსაც არ გაეღვიძათ. წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.

–         აუ ნიკას ვუღალატე ბოზიშვილივიყო.

თანამედროვე სლენგით რომ ვთქვათ ეს უკვე „ტრუხა ბაზარი“ იყო.

……….

ნიკამ ვერ მოახერხა რაჭაში ჩასვლა. ორ დღეში დაურეკა და უთხრა, რომ დედა დაეღუპა. დათომ მეორე დღესვე გადაწყვიტა თბილისში დაბრუნებულიყო. ჯგუფელებსაც სხვა რა გზა ჰქონდათ.

თბილისის მარშრუტკები ონიდან გადიოდა. ონამდე „პატარა“ რეზომ ჩააცილა სტუმრები. ფეხით ჩავიდნენ ქალაქმდე.

–         ბიჭო, როგორ ახერხებ აქ ცხოვრება?

–         რა მოხერხება უნდა?

–         როგორ ძლებ უსექსოდ?

–         და ვინ მოგატყუა, რომ ვძლებ – გაიღიმა რეზომ.

–         აბა?

–         რა აბა? რა გგონია, „პიდარასტობამ“ სოფელი და ქალაქი იცის? აქაც ისევე არიან ჩემნაირები, როგორც თბილისში შენნაირები

დათოს გაეღიმა.

–         ალბათ, მართალი ხარ. არ მიფიქრია მაგაზე.

ძლივს ჩაასწრეს მარშრუტკას. როდესაც ემშვიდობებოდნენ დათომ ცალყბდა ჩასჩურჩულა:

–         ისე, რომ იცოდე მაგას „პიდარასტობა“ არ ქვია. არც შენ ხარ „პიდარასტი“, მაგას ჰომოსექსუალობა ქვია, შენ კი გეი ხარ.

–         და მაგას რამე მნიშვნელობა აქვს? – გაეღიმა რეზოს და ჩანთა ააწოდა მარშრუტკაში – თბილისისკენ რომ ჩამოვალ დაგირეკავ.

მე და თეკლა

თეკლას ფეხები ფანჯრის რაფაზე აქვს შემოწყობილი და მსუბუქად ირწევა სკამზე. ამ რწევის გადამკიდე მოკლე საზაფხულო ქვედაბოლოში შემოსილი ბარძაყები ერთბაშად მოშიშვლებია, თუმცა ოთახში ჩვენ ორს გარდა არავინაა და თეკლაც კაბის გასწორებით თავს არ იწუხებს. მის გრძელ  ფეხებს რომ ვუყურებ საშო სითბოთი მევსება, მინდა შევეხო, ტერფიდან დავიწყო და მისი სხეულის ყველაზე რბილ და თბილ ნაწილამდე მივიდე. ეს არასოდეს  გამიკეთებია, მაგრამ წარმომიდგენია რა და როგორ უნდა გავაკეთო, წარმომიდგენია, როგორ ხარბად ამოვივსებ მისი დიდი მკერდით პირს.

ამის ნაცვლად ვუახლოვდები და თმაზე ვკოცნი. ასე ხშირად ვიქცევი და თეკლასაც ”დაქალურში” გაჰყავს –  აზრადაც ვერ ივლებს, რომ შეიძლება ისეთი თვალით ვუყურებდე, როგორითაც კალათბურთელი ნიკუშა უყურებს. არა, ისეთი თვალით ისედაც არ ვუყურებ – ნიკუშას მზერაში პორნო საიტებზე ძრომიალით შთაგონებული ერთადერთი სურვილი (ან მისი უამრავი ვარიაცია) იკითხება ხოლმე, მე კიდევ..  თეკლასთან სექსი როგორ არ მინდა, მაგრამ არც მის სისხლს ვითხოვ და არც მისი საშოს ”მოჭერა” მაინტერესებს… მოჭერა… გეგონება ჭანჭიკები ჰქონდეს სადღაც…  მხოლოდ ის მამშვიდებს ჯერჯერობით, რომ ნიკას ღერძუკას ირგვლივ მოტრიალე სურვილებს თეკლა სტოიკურად იგერიებს. მეტისმეტად პრაგმატულია და მოთმინების უნარიც ისეთი აქვს, რომ ბუდისტები მიმიქარავს. იცის, რომ თუ კიდევ ცოტას მოითმენს კალათბურთელ ნიკუშას (რომელიც ნიჭიერი ბიჭია და დიდი მომავალი ეპრანჭება) ცოლად გაყვება.

ჰო, თეკლა ისეთი გოგოა, რომელიც აუცილებლად გათხოვდება, სიგარეტის მოწევას თავს დაანებებს და 35-40 წლის ასაკში ისევ დაიწყებს, ოღონდ მყრალი (სამაგიეროდ იაფი) უინსტონიდან, რომელსაც ახლა ღია ფანჯარაში აბოლებს, ესსეზე ან ტრუსარდიზე გადავა – გააჩნია ნიკას რამხელა ჰონორარი ექნება იმ ელიტურ საკალათბურთო გუნდში, რომელშიც მისი ნიჭისა და ოჯახის პატრონი აუცილებლად ამოყოფს თავს.

საერთოდ მე და თეკლა ძალიან განვსხვავდებით. ჩვენი დამეგობრებაც რაღაც უცნაური და ჩემთვის მოულოდნელი იყო. მას მერე, რაც მეხუთე კლასში ჩვენთან გადმოსულ თეკლას პირველივე დღეს ლევანიკო იდიოტმა კაბა გაუხია მე კი ბოროტმოქმედი ტალახიან გუბეში ჩავაგდე, თეკლას გვერდიდან აღარ მოვუშორებივარ. ეტყობა მაშინვე დაწვა, რომ რაღაც მიზეზის გამო ძაღლივით მისი ერთგული ვიქნებოდი და მართალიც იყო – როგორც კი დავინახე თავისი გრძელი წაბლისფერი თმითა და უშველებელი წამწამების საფარქვეშ მოქცეული თაფლისფერი თვალებით ისე შემიყვარდა, ისე, რომ მადა დავკარგე. რა ვთქვა აბა, ზღაპრებში აღწერილმა მზეთუნახავებმა დამღუპეს. ასე შევრჩით ერთმანეთს.

თეკლას ჩვენი მომავალი ძალიან ნათელ ფერებში ესახება.  მეოცნებე გამომეტყველებით მიყვება ხოლმე, როგორ ვისხდებით ასე ოც წელიწადში ვაკის რომელიმე კაფეში, გათხოვილები და ლამაზები და როგორ ვიჭორავებთ შვილებზე, ქმრებსა და (რატომაც არა) საყვარლებზე. მე ვუსმენ და ზუსტად ვიცი, რომ სულ სხვანაირი მომავალი მექნება. ვუსმენ და გონებაში საკუთარ, განსხვავებულ სცენარს ვწერ – გათხოვდება თეკლა,  მე  საზღვარგარეთ წავალ (გულნატკენი რა თქმა უნდა) და იქიდან რამდენიმე წლის მერე ჩამოვალ წარმატებული და სერიოზული. თეკლას მოვინახულებ და აღმოვაჩენ, რომ ნიკუშა დიდი ახვარი ვინმეა და თავის ლამაზ ცოლს ხშირად ამკობს სისხლჩაქცევებით. ჩემში ისევ გაიღვიძებს ის სიყვარული, რომელსაც პრინციპში მეხუთე კლასის მერე არც არასოდეს დაუძინია, და თეკლას ჩემთან წავიყვან. ნიკუშასი არ მეშინია.. გააჯვას და იმის იქით იაროს.. ჩემი სიკეთითა და გამბედაობით გულაჩუყებულ თეკლას (რომელიც ლამაზი გოგოდან ულამაზეს ქალად იქცა) უცებ შევუყვარდები და ჭირი იქა, ლხინი აქა.. სადისტურ-ეგოისტური ოცნებებია, მაგრამ რა ვქნა აბა..

–         რომელ კლასში ხარ, შეჩემა?! – ასე წყდება ხოლმე ჩემი ოცნებები.

–          რა გინდა?

–         მერამდენედ გითხარი ფრჩხილებს ნუ იჭამ მეთქი.

–         ა, სორი..

თეკლასთვის, ბუნებრივია, არასოდეს ამიხსნია, რომ მასზე ოცნებისას განსაკუთრებული ინტენსივობით ვიჭამ ხოლმე ფრჩხილებს, ამიტომ მორჩილად ვიწყობ ხოლმე ხელებს ჯიბეებში და ლაპარაკი სხვა თემაზე გადამაქვს. ისე კი, რახან სიტყვას მოყვა, მე და თეკლა მეთერთმეტე კლასში ვართ. მე იმედი მაქვს, რომ იქ სადღაც, იმ ფანჯრის მიღმა, რომელშიც ახლა ორივე ვიხედებით, დიდი ცხოვრება მელოდება, რომ ადამიანები მიმიღებენ ისეთად, როგორიც ვარ, რომ აღარ დამტანჯავს კოშმარები, სადაც ჯოჯოხეთურ ცეცხლში დედაჩემის წყევლა და მამაჩემის გინება მიმყვება… და… ამის აღიარება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი, რომ ამ დიდ ცხოვრებაში თეკლას ადგილი არ იქნება იმიტომ, რომ მას არასოდეს ვეყვარები მე კიდევ ამის გამო თავს ნამდვილად არ დავისამარებ…მე ბევრი სხვა მეყვარება, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, და ყველას სხვადასხვა გემო ექნება.. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

ჩვეულებრივი დღე

მობილურზე მესიჯია -„არ გამოხვალ? ბავშვები ვართ შენს კორპუსთან“. „არა, ხვალ საკონტროლო მაქვს, ვეღარ მოვასწრებ“ -ტექსტი წინასწარ მაქვს მზად.

რა ჯანდაბა მინდა გარეთ? ვუსმინო როგორ ლაპარაკობს ნიკა მერის ძუძუებზე? ან როგორ ყვება დათო მეასედ ნაშებში წასვლის ისტორიას? არა, ისე ნათლიამ ამაზე ნაკლები პატივი არ უნდა გცეს. 14 წლის ბიჭი ასაკით სამჯერ დიდ დეიდასთან შარვალჩახდილი უნდა დაგტოვოს საუნაში, თან ცხოვრებაში შენს პირველ ქალს ჭკუაც იმან უნდა დაარიგოს. ბარემ ხელით დაგიჭიროს და სექსის შემდეგ ჩაგბანოს. ან შენ რა იდიოტი უნდა იყო, რომ ეს ყველაფერ პატივისცემა გეგონოს. მადლობა ღმერთს, ნათლიაჩემი სადღაც ტრაკშია. მამაჩემს კი ჩემი ბოზებში წასაყვანი კი არა, ფილტრიანი სიგარეტის ფული ენატრება.

„ყლე ხარ. მაგდენი კითხვა გამოგაშტერებს. ნუ გვახვეწნინებ და ჩამოეთრიე დაბლა“

„კიდევ კარგი გამაფრთხილეთ“- გავიფიქრე გულში და ტელეფონი ლოგინზე დავაგდე. ასეთ დროს მუდმივად გაორება მჭირს – ვბრაზობ საკუთარ თავზე, თან ასოციალურობის ილუზიას ვიქმნი და მსიამოვნებს, მერომანტიკულება.

ვიწყებ კიდევ ერთხელ არგუმენტების ჩამოთვლას – შეიძლება შემატყონ, რომ გოგოები არ მომწონს. შეიძლება ვინმე მამრს თვალი გავაყოლო და დამაფიქსირონ. შეიძლება მკითხონ -„ კიდე არ ყოფილხარ ქალებში შეჩემა? მოგკლავს ამდენი ნძრევა. როდის გაჩითავ ფულს, მაგარი ზავიძენია გააძრო ბიძაჩემმა. ვაბშე ახალგაზრდები ყავთ.“ „შეყვარებული რა პონტში არ გყავს ე? ნიცა ხო გეპრანჭებოდა.“ – მოკლედ, არ მინდა დაბლა ჩასვლა.

რაზე ვილაპარაკო? რატომღაც ფეხბურთი და ბლოკბასტერებიც ყლეზე მკიდია. უნდა ჩავიდე და ვიდგე. ვუყურო როგორ იზელს ნიკო კვერცხებს, როგორ ეთათუნება მამუკა ოდნავ შეღინღლულ მუცელს და ამ დროს, კაცობით გამოწვეული ფარული სიამოვნებით ნაბავს ამღვრეულ თვალებს.

–         ბიჭო, ბიჭოოო – მამაჩემის საქონლისებური ხმა მესმის და გულში ვფიქრობ „ბიჭომ გირჭო.“

–         რა იყო მაა?

–         ჩადი პური ამოიტანე.

–         კაი.

ეზოში ადგილობრივი ლოთები საღამოს რიტუალს ასრულებენ.

–         საბა, ბრატ მოიწი, დაგვილიე რა ერთი ჭიქა. შენ ხო იცი როგორ მევასები. მაგარი კაცი ხარ. თუ რამეში დაგჭირდა ხო იცი ბრატების იმედი უნდა გქონდეს, ნებისმიერ დროს დარეკე და სადაც გინდა იქ მოვალთ, ყველგან დაგიდგებით გვერდში. მაგრად გვევასები ყველას. მერე რა, რომ ქუჩაში არ დგახარ. მოდი, მოდი გადაკარი ერთი ჭიქა – მთელი გულით მეპატიჟება აბორიგენთაგან ერთ-ერთი.

გულში ვფიქრობ, ამის სიტყვებს რომ მთქმელი გამოაკლო, კლასიკური გეი ნარატივი დარჩება. მაგარი კაცი ხარ, ყველას გვევასები. ნებისმიერ დროს გვერდში ამომიდგებიან, თან ყველგან. არა რა, ნამდვილად არის რაღაც ჰომოსექსუალური ყველა ქართველში. ზიზღით მივდივარ „ბრატებთან“ და „კაცურ პონტში ვუსწორებ“. თან ვუბოდიშებ, რომ მეჩქარება და ჭიქას ვაბრუნებ ბეტონის ნატეხზე. ისევ მესმის :

–         მაგარი კაცი ხარ ბოზიშვილივიყო -ამ დროს კი ვფიქრობ „მაგარი კაცებიც მევასება „ბრატ“.

რატომღაც წარმოვიდგინე ჩემი უბნელებისა და „ძმაკაცების“  რეაქცია ჩემი ორიენტაცია რომ გაიგონ. ნეტა ბევრჯერ მცემენ? მამაჩემსაც რამეს ეტყვიან? რომელიმე დამიცავს? ალბათ არცერთი. „ძმებს“ ვერ გადაახტებიან. ალბათ იფიქრებენ, რომ მათზე ვანძრევდი ან მათთან სექსი მინდა. ის აღარ გაახსენდებათ, რომ მათთან ერთად ერთ საწოლში მძინებია, მაგრამ არც ერთი არ მომიტყნავს. ალბათ, დაავიწყდებათ, რომ „მაგარი კაცი ვარ და ყველგან გვერდით უნდა დამიდგნენ“. ვერაფრით დავარწმუნებ, რომ მათზე არც კი მიდგება. (აზიზი გემოვნება მაქვს).

მაგრამ მაგათზე ვინ დარდობს. მთავარი ფოიერვერკები ალბათ სახლში იქნება. დედაჩემი რამდენიმე დღე ლოგინიდან არ ადგება. თან რამდენჯერაც დამინახავს, იმდენჯერ ამ თემაზე დამიწყებს ლაპარაკს. ჯერ დარიგებას მომინდომებს, მერე ნერვები აეშლება, წყევლით რომ დაიღლება, ღმერთს მიხსენებს, ეკლესიას და მამა შიოს. მერე ფსიქოლოგს და სექსოლოგს. მოკლედ არ გაჩერდება. სანამ გული არ გაუსკდება დარდით ან მე არ მოვკვდები.

მამაჩემი. ჰოჰოჰო. იცოცხლე აისრულების გინების გულისწადილს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი მოკვლა მოინდომოს. გამოვრიცხავ კი არა ყველაზე მეტად მაგას ველი. აიყროლებს პირს „ტრაკის მიმცემოს“ და „მწოველოს“ ძახილით.

წარმომიდგენია, როგორ დამცირებულად იგრძნობენ თავს. „პიდარასტ“ შვილს ალბათ მკვლელი და ნარკომანი შვილი ურჩევნიათ. წარმომიდგენია, როგორ იდარდებენ იმაზე, თუ რას იტყვის მეორესართულელი ნელი ან ნელის გამოქლიავებული ქმარი, სიმთვრალე-სიფხიზლეში მონაცვლეობით რომ სცემენ ერთმანეთს.

თან დედაჩემი და მამაჩემი ალბათ საკუთარ თავს დაადანაშაულებენ, რომ ვერ გამზარდეს, რომ რაღაც დამაკლეს, რომ ავადმყოფი ვყოფილვარ და აქამდე ვერ მიხვდნენ, რომ რაღაც შესცოდეს ღმერთს და ათასი სისულელე კიდევ.

როგორ გინდა ამდენ იდიოტს აუხსნა, რომ არც ავად ვარ, არც გაზრდისას დამკლებია რამე, არც ფსიქიკური პრობლემები მაქვს, არც არავინ მინახავს გეი საკუთარი თავის მეტი და არავისთვის მიმიბაძავს. (ყოველშემთხვევაში განცხადებულად ჰომოსექსუალი მხოლოდ ტელევიზორში ვნახე ერთხელ). როგორ გინდა აუხსნა, რომ არაფერი მტკივა, არაფერი მაწუხებს და ისეთივე არაუცხოპლანეტელი ვარ, როგორც ჩემი ასაკის ნებისმიერი ბიჭი.

დიდი მაინც ვიყო ოდნავ და ცოტაოდენი ფული მქონდეს. დავახვევდი საზღვარგარეთ და გაგარტყით მერე სუყველას თქვენს ცრუ მორალთან და პურიტანიზმთან ერთად. ვიცი, რომ არც იქ დამხვდებიან ცისარტყელის დროშით აეროპორტში. სამაგიეროდ იქ არავის ეცოდინება ღამე კაცებთან ვჟიმაობ, ქალებთან თუ კენტავრებთან. და საწყის ეტაპზე არც დააინტერესებთ.

უნდა დავახვიო….

მანამდე კი მამაჩემს პურს ავუტან და საღამოს რამე ისტორიას შევთხზავ, თუ როგორ მიყვარს ვიღაც გოგო და რომ ძალიან მჭირდება ფული კინოში მასთან ერთად წასასვლელად.

თუ არ მომცემს ფულს, სულაც არ მადარდებს, რაც მთავარია გაიგებს, რომ გოგო მიყვარს და სახლში „ვაჟკაცი“ ეზრდება. დედაჩემიც იფიქრებს, რომ ბიჭი მოესწრო.

რაც უნდათ ის იფიქრონ, სექსი მაინც კაცთან მექნება. იმიტომ რომ ასე მინდა. როდესაც წყალი გწყურია ლიმონათი უარესად მოგაწყურებს, ამიტომ წყალი უნდა დალიო.